კოქტეილი

socialmediahandbook_616

უკვე მესამე პოსტს ვწერ და დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა და უცბად გადავწყვიტე სოციალური ქსელების შესახებ მომეწოდებინა მცირე ინფორმაცია. სოციალურ ქსელის გაგონებაზე ალბათ თქვენს უმეტესობას Facebook ახსენდება. მისი პოპულარობა მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში ყოველგვარ საზღვრებს სცდება. თუმცა Facebook-ის გარდა არსებობს მრავალი სოციალური ქსელი რომლებიც მისგან დანიშნულებითა და მიზნობრივი აუდიტორიით განსხვავდებიან. შესაბამისად, მათ შესახებ მცირე ინფორმაცია, ჩავთვალე, რომ საინტერესო იქნებოდა თქვენთვის, რამდენადაც თქვენც შეიძლება გახდეთ მათი ერთგული მომხმარებლები ისევე როგორც მე. დილით გადავთვალე და აღმოვაჩინე ჩემდა გასაოცრად რომ 15 სოციალური ქსელის მომხმარებელი ვარ, თუმცა რა თქმა უნდა ყველას ერთნაირ ყურადღებას ვერ ვუთმობ. მოდით ჩემს გამოცდილებას მოგიყვებით მათთან დაკავშირებით და სოციალური მედია მარკეტინგის ბიზნეს სტრატეგიაში თითოეულის შესაძლო ადგილზეც მოგახსენებთ ჩემს აზრს.

სანამ თითოეულის შესახებ ჩემს აზრს მოგახსენებდეთ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მარკეტოლოგის დევიდ მიერმან სკოტის სახალისო მიდგომის შესახებ გეტყვით ორიოდე სიტყვას, რომელიც სოციალურ მედიას შეეხება. თუ წარმოვიდგენთ ვებს, როგორც დიდ ქალაქს, სადაც კომპანიების კორპორატიული ვებ-გვერდები კომპანიები არიან და სხვადასხვა პროდუქტს გვთავაზობენ. მაგალითად, amazon.com არის წიგნების მაღაზია, eBay “გარაჟში” გახსნილი საცალო ვაჭრობის ობიექტი, ონლაინ ახალი ამბების სააგენტოები გაზეთები და ჟურნალები, აქვეა დიდებისთვის განკუთვნილი უამრავი ობიექტი 18+ შეზღუდვის ქვეშ და უამრავი სხვა. მოკლედ, აქაა ყველაფერი რაც რეალურ სამყაროში, მაგრამ რა ადგილი უკავია სოციალურ მედიას? ეს ხომ ახალი ფენომენია და რას უნდა შევადაროთ რეალობიდან?  იჰუუუუ! რას თუ არა ფართის! ეს ხომ ის ადგილია სადაც იქმნება ახალი კონტაქტები, ჩვენი სოციალური მე სწორედ ამდენი ადამიანის გარემოცვაში იწყებს მოქმედებას, აქ სწორედ ისეთი ქაოსია, როგორც სოციალურ მედია სივრცეში. მაგალითად თუ ამ კონცეფციას მივყვებით, რა იქნებოდა Twitter? -შეიძლება ჭორიკანა გოგონები, რომლებიც ბიჭებს ჭორავენ კლუბის ტუალეტში, ან პირიქით (ბიჭებსაც გვიყვარს ჭორაობა). Myspace იქნებოდა კლუბის DJ. Linkedin საქმიანი ადამიანი, რომელიც პარტნიორთან ერთად განიხილავს საქმიან წინადადებას, ან უბრალოდ დატვირთული დღის შემდეგ ბართან ჩამომჯდარა.

და ვინ ვართ ჩვენ? (ჩვენ როგორც მარკეტოლოგები) – ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ ამ ფართიზე და ისე უნდა მოვიქცეთ როგორც რეალურ ცხოვრებაში.

  • მიხვიდოდით რეალურ ცხოვრებაში ერთად შეყრილ მეგობრებთან და დაუყვირებდით “იყიდე ჩემი პროდუქტი”? -ალბათ არა.
  • მიხვიდოდით ნებისმიერ შემხვედრთან და საკონტაქტო მონაცემებს სთხოვდით? – არც ამას იზამდით.
  • ყველასთან მიხვიდოდი და დაელაპარაკებოდით თუ ამჯობინებდით რამდენიმე ნაყოფიერი დიალოგის გამართვას?

ეს და სხვა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, როგორ ვიქცევით რეალურ ცხოვრებაში და შესაბამისად უნდა განვავითაროთ ჩვენი სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია. ავარჩიოთ ის ქსელი  სადაც ჩვენი მომხმარებლები არიან, რომელიც შეეფერება ჩვენს ბრენდს და მოვიქცეთ ისე, როგორც ვიქცევით რეალობაში, უბრალოდ ვიყოთ გულწრფელები და პირდაპირები, ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ბრენდის სოციალური სახე.

ახლა კი ჩემი სოციალური ქსელების შესახებ მცირე ინფორმაცია:

facebook_logo Facebook ადგილი სადაც ჩემი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ. ის გვაკავშირებს ერთმანეთთან, გვაძლევს უდიდეს ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, აქ გამოვხატავთ ჩვენს “სოციალურ მეს” (ისეთს როგორიც გვინდა რომ სხვებმა დაგვინახონ), საშუალება გვეძლევა უშუალოდ დავუკავშირდეთ ადამიანებს, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ვერასდროს შეხვდეთ. ბიზნესისთვის ესაა პირდაპირი ურთიერთობების დამყარების საუკეთესო საშუალება. მეტს აღარ გავაგრძელებ, მგონი ყველა თქვენგანმა ჩემზე უკეთ იცის მისი დანიშნულება და შესაძლებლობები.

twitter Twitter ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ცნობილი თავისი 140 სიმბოლოაიანი ტვიტებით. აქ არაფერია ზედმეტი, მხოლოდ ტვიტები, რეტვიტები და კომენტარები -ყველაფერი რაც ტექსტური სოციალური ურთიერთობებისთვისაა საჭირო.  მე სიმართლე გითხრათ ამჟამად ტვიტერს ნაკლებად აქტიურად ვიყენებ, თუმცა რამდენიმე მარკეტოლოგის ტვიტები მაქვს გამოწერილი და სიახლეების უწყვეტ საქმის კურსში ვარ.  ბიზნესს ტვიტერი საშუალებას აძლევს იქონიოს მომხმარებელთან უწყვეტი კავშირი, ჰყავდეს ისინი მიმდინარე მოვლენების სესახებ საქმის კურსში და უბრალოდ, დაამყაროს მათთან ინდივიდუალური ურთიერთობები, ამაში კი ტვიტერი შეუცვლელია.

linkedin-logo Linkedin ესაა სოციალური ქსელი საქმიანი ადამიანებისთვის. აქ შეგიძლიათ შექმნათ პროფილი, ატვირთოთ CV, გახადოთ თქვენი პროფესიული უნარების და გამოცდილების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი დამსაქმებლებისთვის. გამოიწეროთ თქვენთვის საინტერესო კომპანიის შესახებ სიახლეები და პირველმა გაიგოთ ახალი ვაკანსიების შესახებ. აქვე შექმნილია 1,2 მილიონი სხვადასხვა პროფილის ჯგუფი სადაც თქვენი პროფესიული ინტერესების მიხედვით შეგიძლიათ გაწევრიანდეთ. კომპანიებს შეუძლიათ გაავრცელონ საკუთარი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ. ქსელში საკმაოდ ბევრი ქართველია გაწევრიანებული, განსაკუთრებით აკადემიური და საქმიანი წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.

flickr-logo_w500 Flickr უდიდესი ფოტო და ვიდეო ჰოსტინგის სოციალური ქსელია 51 მილიონი მომხმარებლით. შეიქმნა 2004 წელს და 2005 წელს Yahoo!-მ შეისყიდა და ამჯერადაც მის მფლობელობაშია.  თუ გიყვართ ფოტოგრაფია და გინდათ თქვენი ნამუშევრები ყველამ ნახოს, გიყვართ საინტერესო სურათების ძიება და მეგობრებისთვის გაზიარება, თუ გაქვთ ბლოგი და გჭირდებათ თქვენი კონტენტისთვის საინტერესო სურათები უფასო ჰოსტინგით, მაშინ ეს სოციალური ქსელი სწორედ თქვენთვისაა. ბიზნესს შეუძლია საკუთარი პროდუქტების ან ღონისძიებების შესახებ კრეატიული სურათების გავრცელებით დამატებითი ცნობადობა შეიძინოს. მაგალითისთვის გამოდგება Dell-ის გვერდი Flickr-ზე.

digg2_5929გინდათ გაიგოთ რაზე ლაპარაკობს ინტერნეტ საზოგადოება? რა არის ახალი? რაზე წერენ ახალი ამბების სააგენტოები და სხვადასხვა ვებ-გვერდები? მაშინ Digg-ზე უნდა დარეგისტრირდეთ. აქ თქვენ დროის რეალურ რეჟიმში მიიღებთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას. ქსელის მომხმარებლები წარმოდგენილ ვებ-კონტენტს აფასებენ Digging (ამოთხრა) და Burying (დამარხვა) ღილაკებით. ქსელის უმარტივესი დიზაინი მაქსიმალურად ამარტივებს ინფორმაციის ძიების პროცესს და თქვენ ასევე საშუალება გაქვთ გააზიაროთ საინტერესო სტატიები Facebook-ზე.

reddit_logo Reddit ახალი ამბებისა და გასართობი სოციალური ქსელია. მისი მომხმარებლები ინტერნეტში წარმოდგენილ ლინკებს პოსტავენ ქსელში, რომელთაც დანარჩენი მომხმარებლები აფასებენ. ლინკების კატეგორიზება ხდება სხვადასხვა ინტერესების მიხედვით. ასე რომ ესაა ადგილი სადაც შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი რაზეც მსოფლიო ინტერნეტ საზოგადოება საუბრობს. მას ვების ჭიშკარსაც უწოდებენ, რადგანაც აქაა წარმოდგენილი ყველაფერი ტრენდული. თუ თქვენ ხართ კომპანიის წარმომადგენელი და გაქვთ საინტერესო ნიუსი, სურათი, ვიდეო, უბრალოდ დალინკეთ Reddit-ში და იქონიეთ იმედი იმისა, რომ მთელი ქსელი თქვენზე ალაპარაკდება.

stumble StumbleUpon არის სოციალური ქსელი რომელიც სულ ახლახან აღმოვაჩინე და ძალიან აქტიურად ვიყენებ. ესაა ქსელი რომელიც შექმნილია ვებ-სარფინგისთვის. რეგისტრირდებით ქსელში და უთითებთ თქვენს ინტერესის სფეროებს. ამის შემდეგ თქვენ ქსელი გთავაზობთ ვებ-გვერდებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც შეესაბამება თქვენს ინტერესებს და რომლებიც რაიმე ახალ კონტენტს გვთავაზობენ იმ კონკრეტულ დროს. თქვენ აფასებთ შემოთავაზებას და დგება ვებ-გვერდების რენქინგი. თქვენ შეგიძლაით თქვენი ვებ-გვერდიც “აკიდოთ” სთამბლზე და იქონიოთ იმედი, რომ ვიზიტორებს დააინტერესებს ან გადაიხადოთ რეკლამის საფასური და თქვენი გვერდი უფრო აქტიურად გავრცელდება. მე ამ ქსელში უამრავი საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინე და თქვენც გირჩევთ სცადოთ.

tumblr Tumblr. არის მიკრობლოგების ქსელი, რომელიც აერთიანებს 100 მილიონამდე მიკრობლოგს სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სახის მულტიმედიური კონტენტი. ქსელი საქართველოში ამ ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა. ძირითადად იყენებენ სურათების და gif ანიმაციების საძიებლად და შემდეგ Facebook-ზე დასაპოსტად (საინტერესო მიდგომაა ).  აქ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ან თქვენი კომპანიის ბლოგი. ახლახან Toyota-მაც შექმნა tumbrl.-ზე ბლოგი და მარკეტინგული ბლოგების დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.

myspace  Myspace არის მუსიკალური სოციალური ქსელი, სადაც თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ უახლესი ჰიტები, ნახოთ მუსიკის ჩართები და მომხმარებლის მიერ შექმნილი საინტერესო მიქსები. ქსელს აქტიურად იყენებენ მუსიკალური ბენდები და მომღერლები საკუთარი ალბომების გაყიდვის პროცესში. ამ მხრივ ქსელში შოუბიზნესის მარკეტინგი უდიდეს მასშტაბებს აღწევს. Myspace დღეს ორი დიზაინით მუშაობს, შეგიძლიათ აირჩიოთ კლასიკური ან ახალი დიზაინი და ისიამოვნოთ მუსიკით.

foursquare_logo1 Foursquare არის სოციალური ქსელი მობილური მოწყობილობებისთვის (smartphones, iphones, android phones). მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ რუქაზე დააფიქსიროთ თქვენი ადგილმდებარეობა და გააზიაროთ როგორც Foursquare-ზე, ისე Facebook-ზე.  სხვადასხვა დაწესებულებას მას შემდეგ რაც მონიშნავს საკუთარ თავს რუქაზე, საშუალება აქვს შექმნას პროფილი და მომხმარებლები, მას შემდეგ რაც დაწესებულებას მოინახულებენ აკეთებენ ეგრეთწოდებულ check in-ს და სურვილის შემთხვევაში ტოვებენ ორგანიზაციის პროფილზე კომენტარებს. მომხმარებლების ამის საშუალებით ერთმანეთს უზიარებენ დაწესებულებასთან ურთიერთობის გამოცდილებას. კომპანიებისთვის ეს დამატებითი გამოწვევაა.

Google-Plus-Logo Google+ არის google-ის ახალი სოციალური ქსელი, რომელიც 2011  წლიდან გაეშვა ინტერნეტში. ამჟამად მას ნახევარი მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. ის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური სოციალური ქსელია, ისევე როგორც თვითონ google. აქ შეგიძლიათ შექმნათ წრეები (circle) სადაც ქსელის მეგობრებს გაანაწილებთ სხვადასხვა კრიტერიუმით. ასევე მას აქვს Hangout-ის ფუნქცია, რომელიც ვიდეო ზარის განხორციელების საშუალებას იძლევა რამდენიმე ადამიანს შორის, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.  ქსელში ასევე ხელმისაწვდომია მრავალი გასართობი თამაში და აპლიკაცია.  ქსელი სოციალური მედია მარკეტინგის უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა.

youtube youtube 2005 წელს შეიქმნა Paypal-ის სამი ყოფილი თანამშრომლის მიერ და დღეს ყველაზე პოპულარული ვიდეო ჰოსტინგის სოციალური ქსელია. აქ შეგიძლიათ არამარტო ატვირთოთ თქვენს მიერ გადაღებული ვიდეოები, ასევე გაუკეთოთ მარტივი კორექტირებები საიტზე წარმოდგენილი ვიდეო ედითინგის ფუნქციის მეშვეობით. Youtube-ს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს. აქ შეიძლება ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ვიდეო მსოფლიო ჰიტი გახდეს. ამ ფენომენის გამოყენებას ბიზნესებიც აქტიურად ცდილობენ. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია კოკა-კოლას და მენთოსის უკვე კლასიკად ქცეული ფენომენი.

Pinterest_Logo Pinterest არის ფოტოშეარინგის სოციალური ქსელი, რომელიც 2010 წელს დაარსდა. 2012 წლის თებერვლიდან 2013 წლის თებერვლამდე მისი მომხმარებლის რიცხვი 11,7-დან 48,7 მილიონამდე გაიზარდა. მომხმარებელი საკუთარ ინტერესებს აფიქსირებს ქსელში და ფოტოების სახით იღებს სიახლეებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ სხვადასხვა კომპანიების გვერდები. აქ განსაკუთრებით აქტიურობენ კომპანიები მოდის სფეროდან. მომხმარებლები კომპანიების ვებ-გვერდებზე ძიებას მათ პინბორდებზე ძიებას ამჯობინებენ. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ქსელის მომხმარებელთა 83% მდედრობითი სქესისაა.

ეს არის ის სოციალური ქსელები რასაც მე ვიყენებ და რაც თქვენთვისაც შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს. თუ რამე ახალ საინტერესო ქსელსაც აღმოვაჩენ აუცილებლად გაგაგებინებთ და კარგი იქნება თქვენც თუ იმავეს გააკეთებთ.

Advertisements

One comment on “კოქტეილი

  1. გამოხმაურება: რჩევები სოციალური მედიის მართვაში | 2bmarketing

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s