პროდუქტის განთავსება და შაურმა

პროდუქტის განთავსება (product placement) არის არატრადიციული რეკლამირების ტექნიკა, როცა კომპანია თავის პროდუქციას, ბრენდს უკეთებს სტიმულირებას მისი ფილმში, ტელევიზიაში ან სხვა მედია საშუალებაში გამოჩენით. ამ დროს ჩვეულებრივ დგება შეთანხმება კომპანიასა და მედია საშუალებას შორის, რომ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ პროდუქტი გამოჩნდება/გამოყენდება ფილმსა  თუ შოუში.

ალბათ ყველა თქვენგანს აქვს ნანახი ჯეიმს ბონდის ერთი ფილმი მაინც. ის პროდუქტის განთავსების თვალსაჩინო და კლასიკური მაგალითია. ჯეიმს ბონდი მაყურებლის თვალში პოზიციონირდება, როგორც ნამდვილი, ძლიერი მამაკაცის ეტალონი. შესაბამისად ჩნდება მიბაძვის სურვილი. როგორ შეიძლება დაემსგავსონ მას? ერთ-ერთი საშუალება ამისთვის ავტომობილია.  კომპანიები წლებია ფილმის შემქმნელებს მილიონებს უხდიან, რათა მათი ბრენდის მანქანა გამოჩნდეს ფილმში. ბონდის “გარაჟს” ეკუთვნოდა შემდეგი მოდელის ავტომანქანები: BMW, Aston Martin, Audi, Bentley, Rolls-Royce. პროდუქტის განთავსების მხრივ გამორჩეულად დახუნძლული იყო “Skyfall”.

ახლა კი მინდა გაჩვენოთ  პროდუქტის განთავსების ერთი მაგალითი, რომელიც  ბევრს გაქვთ  ალბათ ნანახი, მაგრამ ყურადღება არ მიგიქცევიათ:

დიახ, ეს შაურმაა! The Avengers-ის გმირებს რკინის კაცი  სთავაზობს  გასინჯონ შაურმა, რომელიც არც თუ ისე ცნობილია ამერიკელებისთვის. არ ვიცი ამ ფლეისმენთმა რამდენად გაზარდა ჩვენთვის ცნობილი გლდანის შაურმის გაყიდვებიც, მაგრამ ფაქტი ერთია- კარგად დაგეგმილი პროდუქტის განთავსება  დიდი წარმატების მომტანია ბრენდისთვის.

როგორ ფიქრობთ, კარგად იყენებენ ქართველი მარკეტერები product placement-ს? თქვენი აზრი გაგვიზიარეთ კომენტარებში.

შეგიძლიათ გაეცნოთ ACT-ის კვლევას ქართულ ფილმებში პროდუქციის განთავსებაზე >>>>

6 comments on “პროდუქტის განთავსება და შაურმა

  1. მე მგონი ვერ იყენებენ და არც იყენებენ – ორივე.
    რატო?
    ძალიან მცირეა ბაზარი და საჭიროებას ვეღარ ხედავენ ალბათ.
    ეს იმის გათვალისწინებით რომ ნებისმიერი პროდუქტის გასაყიდად პირველ რიგში აუცილებლად არსებობს რეკლამა. რეკლამის პარალელურად კიდევ ფულის ხარჯვა ნაკლებად სასურველია, სავარაუდოდ.

    • გამარჯობა. გმადლობ შენი აზრის დაფიქსირებისთვის:) აქ საქმე ეხება იმას, რომ რიგ შემთხვევებში პროდუქტის განთავსება უფრო მოქმედებს ფსიქოლოგიურად მომხარებელზე, ვიდრე პირდაპირი რეკლამა. თუმცა ფლეისმენთის სწორად დაგეგმვაა საჭირო, ზედმეტად რომ არ გაეჩხიროს თვალში მაყურებელს და არ გააღიზიანოს. ჯეიმს ბონდს დავესესხებოდი და ქართველმა მარკეტოლოგებმა ამ მხრივ “უნდა შეანჯღრიონ, მაგრამ არ მოურიონ”. ყელაფერში ნორმის დაცვა საჭირო. ბაზრის სიმცირეზე კი ვერ დაგეთანხმები, გააჩნია რა საზომით შევხედავთ. გლობალური ბრენდებისთვის შეიძლება მცირეა, მაგრამ სამამულო ბრენდები ხშირად საზღვარგარეთის ბაზრებზე ვერ/არ გადიან და მათი მოგება მთლიანად შიდა ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული

      • გავიგე.
        შეგიძლია ნებისმიერი მრეწველობიდან სამი სფერო დამისახელო, რომელსაც დღეს სასიცოცხლოდ ესაჭიროება “პროდუქტის განთავსება?”, ანუ ამით ისინი რომ ხეირს ნახავდნენ საგრძნობს 🙂

        1.სწრაფი კვება და მაკდონალდსი?
        – არ ჭირდება, ისედაც სულ დადიან მანდ.
        2. ქართული ღვინო?
        – საქართველოში ქართულ ღვინოს ქართველებისთვის რეკლამაც კი არ ჭირდება მგონი, არათუ “პროდუქციის განთავსება” : )))
        3. სურსათ-სანოვაგე? ტანსაცმელი?

        ჩემი აზრით, “პრობლემა” რაა იცი? დღეს საქართველოში უმეტეს შემთხვევებში შეძენის და ყიდვის დროს არჩევანი იმის მიხედვით კი არ კეთდება “რა მინდა შევიძინო?”, არამედ “რა შემიძლია რომ შევიძინო?”.

        ხოდა ასეთი ეკონომიკური მდგომარეობის და შესაბამისი ფსიქოლოგიის პირობებში მაღალი მარკეტინგის სტანდარტების გამოსაყენებლად ბევრი ფულის დახარჯვა კაკრას იმას ჰგავს – სხვა პოსტში გეწერა დაუგეგმავად ახალი ტექნოლოგიების შეძენა უმიზნოდ და უსარგებლოდო : )

        ცოტა გავაგრძელე, მაგრამ მეპატიოს : )

        • არა, რა გაგიგრძელდა, საინტერესოა შენი აზრის მოსმენა:) რა თქმა უნდა, საქართველო მსოფლიო რეიტინგში არის საშუალოზე დაბალ შემოსავლიანი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე, მაგრამ ეს დიფერენციაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ისევე როგორც არსებობს დაბალშემოსავლიანი მყიდველი, რომელიც პირველ რიგში იკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნილებებს, ასევე არსებობს მაღალშემოსავლიანიც, რომელიც ყურადღებას აქცევს ბრენდს, სტატუსს. მათთვის ფასი მთავარ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.
          რაც შეეხება შენს მიერ ჩამოთვლილ პროდუქტებს, შეიძლება პირველს და მეორეს არა, მაგრამ სხვებს სჭირდება, თუნდაც ტანსაცმელს. ფილმ “გასეირნება ყარაბაღში” ძეხვის, არაყის, აფთიაქის ფლეისმენთებია გამოყენებული. ეხლა მომაწოდეს და პოსტის ბოლოს დავამატე ეი სი თის კვლევა და შეგიძლია გაეცნო:)
          რაც შეეხება უმიზნო ტექნოლოგიებს, ბლოგზე ორნი ვწერთ და ის ჩემი კოლეგის პოსტია 🙂 ამაში დაგეთანხმები, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ მომგებიანი იქნება თუ არა პროდუქტის განთავსება. შევადაროთ ტრადიციული რეკლამირების გზები არატრადიციულს და შემდეგ საუკეთესო ავირჩიოთ.
          ახლა კი გავიქეცი, საელჩოში მაგვიანდება 🙂 დაველოდები შენს კომენტარს:))

          • აქაც ყველაფერი გასაგებია და მგონი შევთანხმდით კიდეც 🙂
            საელჩოდან რომ მოხვალ მერე გავაგრძელოთ სხვა თემებზეც.

  2. საქართველოში ,,ფეისმენთი” ჯერჯერობით გაღიზიანების და ადვილად მიხვედრის პროდუტია. ფილმში, კლიპში ან ფოტოზე პროდუქტი ან მომსახურება ისე უნდა იყოს წამროდგენილი რომ ქვეცნობიერმა აღიქვას და არა ცნობიერმა.

Leave a reply to გიორგი კომენტარის გაუქმება