კლუბები საქართველოში

nigh

 

 

 

 

 

 

 

უკვე ერთი თვეა მას შემდეგ რაც საქართველოში ჩამოვედი და კლუბები მომენატრა. გუშინ ლუდის ფესტივალზე ნაით ოფისის მოსაწვევებს არიგებდნენ და მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, გვესარგებლა მოსაწვევით და ლუდის სმა კლუბში გართობით გაგვეგრძელებინა.

მეც და ჩემი მეგობრებიც ევროპის ბევრი ქალაქის ძალიან ბევრ კლუბში ვართ ნამყოფები: მილანი, პარიზი, ბრიუსელი, ბუქარესტი, სოფია, კიშინოვო და ბევრი სხვა. შესაბამისად, საკმაოდ კარგად ვიცით, როგორ მუშაობს ეს ბიზნესი, რა ფასებია ევროპის მდიდარ ქვეყნებში და ასევე ჩვენს მსგავს ბულგარეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში. ზოგადად არსებობს ასეთი წესი გართობის ობიექტებში ალკოჰოლზე ფასდადების: 300%-400% პროცენტიანი ფასნამატი რეკომენდირებულია აშშ-სა და განვითარებული ქვეყნებისთვის. აქ უნდა გავითვალისწინოთ, მომსახურე პერსონალის ხელფასები და კლუბში ორგანიზებული მრავალი სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობა, პლიუს დიჯეის ანაზღაურება, რაც ასეთი ზომის ფასნამატს ამართლებს.  ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვიღებთ ალკოჰოლზე ოთხჯერ-ხუთჯერ გაზრდილ ფასებს, თუმცა ამ ქვეყნების მოსახლეობას შემოსავალიც დიდი აქვს და ეს დიდ პრობლემას არ წამოადგენს.

მცირე შესავლის შემდეგ ვნახოთ რა ხდება საქართველოში. ჩვენთან მომსახურე პერსონალის ხელფასი განვითარებული ქვეყნებისას რამდენჯერმე ჩამოუვარდება. იქ ბარმენის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 8-15 დოლარის ფარგლებშია, რაც წელიწადში 19-23 ათას დოლარის შემოსავალს ნიშნავს. აქ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ეგრეთ წოდებული “თიფები”, რაც ხშირ შემთხვევაში ხელფასსაც აჭარბებს. ამ დროს რა ხდება საქართველოში? ჩვენთან ბარმენის ანაზღაურება როგორც საიტ for.ge-ზე აღმოვაჩინე, ყველაზე დაბალია ქართულ შრომის ბაზარზე და თვეში 169 ლარს შეადგენს საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით. ეს რა თქმა უნდა არარეალურია და ალბათ საქმე შემოსავლების დამალვასთან უნდა გვქონდეს, თუმცა დამეთანხმებით, საშუალოდ მიმტანის ხელფასი არ აჭარბებს 800 ლარს, ხოლო ბარმენის ალბათ არ იქნება 1000 ლარზე მეტი. რაც შეეხება დიჯეის, კარგი ადგილობრივი მოწვეული დიჯეი ღამის განმავლობაში საშუალოდ 100 დოლარს იღებს. როგორც  ვხედავთ ჩვენთან განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ხელფასები 3-4 ჯერ მცირეა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ “თიფებს”, მაშინ სხვაობა გაცილებით დიდი იქნება. აქვე თუ დავამატებთ იმასაც, რომ კლუბის იჯარის ხარჯი თბილისში გაცილებით ნაკლები უნდა იყოს ვიდრე, მაგალითად, მილანში, აშკარად დავინახავთ თუ რამდენად ნაკლები ხარჯები აქვთ ჩვენი კლუბების მეპატრონეებს. რაც შეეხება ალკოჰოლის ფასებს, ქვეყნებს შორის სხვაობა ძირითადად დამოკიდებულია აქციზზე. თბილისში ვისკის სახლში თუ შევალთ, აქ არსებული ფასები არის ჩვეულებრივი ევროპული ქვეყნების ფასი, შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი კლუბების მეპატრონეებს ალკოჰოლზე უფრო მეტის გადახდა უწევთ.

ხარჯების შედარების შემდეგ, ვნახოთ რა ხდება ფასების მხრივ. შევადაროთ სასმელების ფასები რამდენიმე ქვეყანაში.

ფასი ქალაქების მიხედვით (ევრო)
სასმელი თბილისი მილანი პარიზი ბუქარესტი სოფია
ლუდი (ყველაზე იაფიანი) 2,5 5 6 1,4 1,2
ტეკილა 3,3 5 6 1,4 1
აბსენტი 10,4 5 6 2,3 2
Jagermeister 4,2 5 6 1,4 1
კოქტეილი (საშულო ფასი) 6,3 10 15 3,4 3,1

საინტერესოა, იგრძნობა ქართველობა.  აქვე ავღნიშნავ, რომ რუმინეთში და ბულგარეთში (ბუქარესტი, სოფია) ჩვენზე ორჯერ მეტი მშპ არის ერთ სულ მოსახელეზე, ფასებს კლუბებში კი თქვენც კარგად ხედავთ. დაახლოებით იგივე სიტუაციაა მთელს აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში.  აქვე საინტერესოა აბსენტის ფასი, აშკარად იგრძნობა ევროტურის გავლენა ქართულ მენტალიტეტზე ^_^ .
როდესაც ევროპაში კლუბები სტუდენტების გართობის საშუალებაა, სადაც კვირის ბოლოს სტუდენტები განტვირთვას ახდენენ და ერთობიან, საქართველოში ამგვარი ფუფუნება არ გვაქვს. სტუდენტი უბრალოდ ვერ შეძლებს ამგვარი ფასების პირობებში გართობას. ეს პრობლემას წარმოადგენს მილანსა და პარიზშიც, თუმცა იქ შემოსავლების გაცილებით მაღალი დონეა და კლუბები სტუდენტებისთვის სპეციალური პროგრამებს და ფასდაკლებებს აწყობენ. მაგალითად, ჩემი ქლაბინგი მილანში ორგანიზებული იყო ჩემი სტუდენტური ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ყოველ ხუთშაბათს ცნობილი კლუბები სტუდენტებისთვის  ფასდაკლებებს სთავაზობენ. 10 ევროდ ფასდაკლებით სამი კოქტეილი მომივიდა და პლიუს შეუზღუდავი საჭმელი, ცნობილი იტალიური აპერიტივო უფასოდ. ასე რომ, თამამად შემიძლია ვთქვა ქართველი ახალგაზრდობა უსამართლოდ იჩაგრება ჩვენი ბიზნესმენების დიდი მადისა და ბიზნესის კეთების არცოდნის გამო.

ფასებს რომ თავი დავანებოთ, მომსახურების ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რაც პირდაპირ ახდენს გავლენას ტურიზმზე. მაგალითისთვის მოგიყვანთ წუხანდელ ჩემს ამბავს ნაით ოფისში. კლუბი არის ნახევრად ცარიელი შაბათ დღეს, არც გამკვირვებია. ცარიელია ყველა მაგიდა და სკამიც. კლუბში საკმაოდ ნასვამი მივედი, თუმცა 8 ლარიანი ტეკილებით იქაც გავაგრძელეთ სმა. ბოლოს სმისა და ცეკვის შემდეგ, მივაღწიეთ იმ დონეს როცა სკამზე ჩამოჯდომა მოგვინდა. და აი აქ მოხდა ჩემთვის შეურაცხმყოფელი და ყოვლად გაუგებარი რამ. მოვიდა პატივცემული დაცვა და მოგვთხოვა ადგომა იმ შემთხვევაში თუ არაფრის შეკვეთას არ ვაპირებდით. აქ უკვე ფულის ხარჯვა პრობლემა არ იყო, უბრალოდ მეტის დალევა არ შემეძლო, ასევე საკმაოდ ბევრი ფული უკვე დახარჯული გვქონდა ბართან. ყველა სკამი იყო ცარიელი, თუმცა დაჯდომა არ შეიძლება თურმე და ძალით უნდა სვა სკამი რომ მოიპოვო :/ ასეთი რამე არცერთ ჩვენგანს არსად არ უნახავს, გაოცებულები ავდექით.  მომსახურებაზე ვლაპარაკობ, და პოსტის ბოლოსთვის განწყობისთვის დაგიტოვებთ ღამის პირველ საათზე საცეკვაო სცენაზე გამოჩენილი დამლაგებლის სურათს, რაც ნამდვილი ქართული ფენომენია.

P.S. არ კეთდება ბიზნესი ასეთი ხერხებით ქართველო “ბიზნესმენო”! ვიცით რომ სულსწრაფები ვართ და უცბად გვინდა ფულის შოვნა, თუმცა იქნებ დავფიქრებულიყავით რა ჯობია, ცარიელი კლუბი საოცარი ფასებით და სერვისით, თუ რეალური ფასები და გაყიდვების მაღალი დონე.

NIGHTOFFICE

2 comments on “კლუბები საქართველოში

  1. არ არის ეგ ქართველი ბიზნესმენი. 2 თვე ვიმუშავე მანდ. სტუდენტებზე გათვლა იმ პერიოდში ჩვენც გვქონდა და გარკვეულ ფასდაკლებებს ვთავაზობდით. ირანის აზერბაიჯანიდანაა მეპატრონე დიდი წვეტიანი ტუფლებითა და ადიდასის სპორტულებით. ვერაფრით მიხვდა რა იყიდა. ყოველ დღე ახალ ახალ იდეებს აფრქვევდა ხან სტრიპ კლუბი უნდოდა ყოფილიყო ხან აზიური ბარი. ბოლოს როგორც იქნა გაიგო რა იყო კლუბი. ხელფასი რა თქმა უნდა არ გადაუხდია 🙂 თურმე კლუბში დილის 11 საათზე უნდა მივსულიყავი სამუშაოდ და საღამოს 7 მდე ვყოფილიყავი 😀 ბომჟტნიკად იქცა სამწუხაროდ ეგ სივრცე, სადაც ნამდვილად შეიძლება კარგი კლუბი ფუნქცონირებდეს. საქართველოში სულ 6 თვე თუ ინარჩუნებს გახსნიდან კლუბი ხარისხს მერე სერვისი ფუჭდება ფასები კოსმოსურ რიცხვებს უახლოვდება ხალხი აღარ დადის და იხურება.

    • ეჰ რას ვიზამთ, ეს არაა ქართველი, მაგრამ სხვაგან ხომ ქართველები არიან. ირანელებს უფრო ვგავართ ბიზნესის კეთებაში, როგორც ჩანს :/ თვითონ კლუბის მოწყობა, ფართი ბევრ ევროპული კლუბისას ჯობია. მართალი ხარ, მანდ ვინმემ კლუბის მართვა რომ იცოდეს, დიდი პერსპექტივა აქვს.

დატოვე კომენტარი